აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

Untitled Document
დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესები

განკარგულება N21 06.09 დანართი - დამკვირვებლის რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმის დამტკიცების შესახებ

განკარგულება N20 06.09 - საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაციის შინაარსისა და ფორმის (ანკეტის) დადგენის შესახებ  საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წარმოსადგენი ანკეტა

 

თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ცესკოში, მას დამატებით უსკოში რეგისტრაცია არ მოეთხოვება. ამ შემთხვევაში მან განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს მდივანს და წარმოუდგინოს ცესკოში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას არ აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (21 ოქტომბერი) და წარმოუდგინოს მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერი. ხოლო საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა (24 ოქტომბერი) და წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. უსკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ უკვე კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-2 დღისა (29 ოქტომბერი) უსკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირველებთა შესახებ მათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ. (მუხლი 46, მუხლი 47, მუხლი 48)

მუხლი 46. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები;

1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან უსკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში  გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და  რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია უსკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო  კომისიაში.

3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის  წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო  უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

4. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ცესკოში, ამ ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს არაუმეტეს ორი დამკვირვებელი – მხოლოდ უსკოში.

5. იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს  საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თუ დამკვირვებელი  ორგანიზაცია რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მას დამატებით უსკოში რეგისტრაცია არ მოეთხოვება ამ შემთხვევაში სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს მდივანს, განცხადებას თან უნდა  ერთოდეს ცესკოს მიერ დამკვირვებელი ორგანიზაციისრეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი სამართლებრივი აქტი).

6. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

გ) მუნიციპალიტეტის მერის და მისი მოადგილისა;

დ) მოსამართლისა;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

ვ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;

ზ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

თ) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ი) სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლისა;

კ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლისა.

7. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;

ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;

გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა;

დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;

ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.

8. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება უსკოში. ამასთანავე, უსკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა.

9. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ცესკოში, ამ ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს არაუმეტეს ორი დამკვირვებელი – მხოლოდ უსკოში.

10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას.

 

მუხლი 47. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

1.საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას,რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს უსკო (თუერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, დამკვირვებელი ორგანიზაცია, თუ იგი რეგისტრირებულია ცესკოს მიერ, უსკოში დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებს).

2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისია დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის უსკოს.

3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც (რომლებშიც) ეს ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ამონაწერი, რომელიც მომზადებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში და მასში მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი/პირები. ორგანიზაციის რეგისტრაციის მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით სააგენტო უსკოს უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.

5. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებითუნდა მიმართოს უსკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა და უნდა წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. თუ  დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან მხოლოდ განცხადება უნდა წარადგინოს. უსკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, წყვეტს ამ პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.

6. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს, დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.

7. უსკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-2 დღისა უსკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას ადგენს უსკო განკარგულებით.

8. უსკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა უსკოს მდივანს უსკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის 46-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე უსკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, რეგისტრაციის ადგილისა და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო ან/და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია და ზემოაღნიშნული დოკუმენტები.

9. რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

10. უსკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში, ამ კანონის 46-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

11. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

12. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან, კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში, ამ კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.

13. რეგისტრირებულ ადგილობრივ ან/და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 10 დღისა, უარი განაცხადოს არჩევნების დაკვირვებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საკითხს.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით დამკვირვებლის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, რეგისტრაციის გაუქმებიდან მე-2 დღეს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, გამოსცემს განკარგულებას დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის გაუქმების (დამკვირვებლის სტატუსის გაუქმების) შესახებ. დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის კომისიაში დააბრუნოს დამკვირვებლის მოწმობა.

მუხლი 48. დამკვირვებლის უფლებები

1. დამკვირვებელს უფლება აქვს:

ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად;

1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს;

ვ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;

თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;

ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.

2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:

ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;

ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

3. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისათვის ან მათ საქმიანობაში ჩარევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო, ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.

 

ყურადღება!

დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (მის.: ქ.ბათუმი, გოგებაშვილის 2)

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 57 10 49.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016