აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, არჩილ მიქელაძის განცხადება
29 იანვარი 2013

მინდა გავაკეთო განცხადება, რომელიც ეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შეცვლას და მოქმედი წევრებისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას. აღნიშნული პროცესი უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპების გვერდის ავლით, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით საქართველოს პარლამენტში უახლოეს პერიოდში იწყება მუშაობა. აღნიშნულის თაობაზე ასევე არაერთხელ იქნა გაკეთებული შესაბამისი განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

უნდა აღინიშნოს რომ ამ საკითხის ინიცირება და დაჩქარებული წესით მისი მიღება არანაირად არ უკავშირდება კანონის გაუმჯობესებას ან კიდევ უკეთესი საარჩევნო გარემოს შექმნას. არამედ მისი მიზანი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ დღეს მოქმედი წევრების ჩანაცვლება ახალი ხელისუფლებისათვის მისაღები პირებით. აღნიშნულის თქმის საშუალებას იძლევა შემდეგი გარემოებები:

2012 წლის 15 ნოემბერს დაახლოებით 17 საათზე, ჩემთან უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მეწვია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე. როგორც მან მითხრა მას სურდა გაეგო, თუ რა განწყობები მქონდა მე სამსახურთან დაკავშირებით, ანუ ვაპირებდი თუ არა მე მუშაობის გაგრძელებას, ხომ არ ვთვლიდი მიზანშეწონილად დამეწერა განცხადება ვადაზე ადრე წასვლასთან დაკავშირებით. იმდენად რამდენადაც ეს მის უშუალო ინტერესებში შედიოდა, მას შერჩეული ჰყავდა კანდიდატი თავმჯდომარის თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მე დავწერდი განცხადებას წასვლასთან დაკავშირებით, გამომინახავდნენ სხვა სამსახურს  და ასევე პირობას იძლეოდა რომ შემდგომში ჩემი გათავისუფლება არ მოხდებოდა (ანუ არ მომატყუებდნენ დროებითი სამსახურით). წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტის კანონის მიღებისას შეამცირებდნენ უსკოს დაფინანსებას, შეამცირებდნენ შტატებს და მე მომიწევდა მძიმე გადაწყვეტილებების მიღება თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებასთან დაკავშირებით. მე ვკითხე მას, ეს იყო მხოლოდ მისი სურვილი თუ მთლიანად მათი გუნდის მოსაზრება - მისი თქმით ეს იყო მთლიანად მათი გუნდის გადაწყვეტილება.

ჩვენი ეს შეხვედრა დამთავრდა იმით, რომ, მე მას ავუხსენი - საერთო ჯამში მე არ ვაპირებდი ჩემი უფლებამოსილების მთლიანი ვადის ამოწურვას, თუმცა ამ ეტაპზე არ ვაპირებდი სამსახურის დატოვებას,  ყველა შემთხვევაში ახალ წლამდე მაინც.

მან წასვლის დროს ასევე მითხრა,  რომ იმედი მაქვს ჩვენი საუბარი არ გახმაურდება, როგორც ეს გააკეთეს გამგებლებმა. (შუახევის, ქედის, ქობულეთის გამგებლების განცხადება) მე მას ასეთი პირობა მივეცი. (სამწუხაროდ ამ პირობას ვეღარ შევასრულებ, ვინაიდან მათ  ურთიერთობის სხვა მეთოდები აირჩიეს)

ამის შემდეგ, 26 ნოემბერს დაახლოებით დღის იმავე დროს სამსახურში მეწვივნენ იგივე პირი მთავრობის აპარატის უფროსთან - ირაკლი ჭეიშვილთან ერთად. მათ მითხრეს გადავწყვიტე თუ არა რამე და რომ მთავრობის თავმჯდომარე საქმის კურსშია საქმესთან დაკავშირებით. ისინი მე მთავაზობდნენ მთავრობის აპარატში რომელიმე დეპარტამენტში დასაქმებას, ან რომელიმე საქვეუწყებო დაწესებულებაში დასაქმებას. მე მათ ვუთხარი რომ  მე არ მჭირდება დასაქმება და რომ არ ვაპირებ სამსახურიდან წასვლის შემდეგ საჯარო სამსახურში საქმიანობას. მათ მკითხეს ახალი წლის შემდეგ წავიდოდი თუ არა სამსახურიდან, რაზეც მე ვუპასუხე რომ ამის პირობას მე ვერ მივცემდი და როცა საჭიროდ ჩავთვლიდი მაშინ წავიდოდი სამსახურიდან.

აღნიშნულის შემდეგ, დეკემბერში განხორციელდა კანონპროექტის ინიცირება, მისი განხილვის დაგეგმვა და დაჩქარებული ტემპით მისი მიღება უმაღლესი საბჭოს 28 დეკემბრის სხდომაზე.

თუმცა, როგორც ცნობილია, ცესკოს, ჩვენი და არასამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული განცხადებების შემდეგ მათ მიერ კანონპროექტის მიღება გადაიდო.

აღნიშნულის შემდეგ 2013 წლის 8 იანვარს ჩემთან სამსახურში დარეკეს უმაღლესი საბჭოდან და გადმომცეს, რომ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერს მურმან დუმბაძეს სურდა ჩემთან საუბარი.

შეთანხმებულ დროს 17 საათზე მე ჩავედი ჩაქვში შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ თვით მურმან დუმბაძე, ავთანდილ ბერიძე, მედეა ვასაძე, ჯემალ ფუტკარაძე, კაკო ძნელაძე, ალექსანდრე ჩიტიშვილი. შეხვედრას შუა ნაწილში შემოუერთდა ანზორ თხილაიშვილი.

თავდაპირველი საუბრის თემა ეხებოდა 2008 წლის არჩევნების დროს ხელვაჩაურის ოლქის შედეგების გაუქმებას. მათი კითხვები იყო შემდეგი, - რის საფუძველზე გაუქმდა შედეგები, ვისი საჩივრის საფუძველზე, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მათ ესაუბრნენ უკვე იმდროინდელ ოლქის თავმჯდომარეს, რომელმაც მათ უთხრა, რომ სადაო უბნები თვითონ გააუქმა და მთლიანად ოლქის შედეგების გაუქმების საფუძველი არ იყო, რომ ეს იმის გამო გაკეთდა, რომ ქრისტიან დემოკრატებს გაეყვანათ უმაღლეს საბჭოში მესამე კაცი და ა.შ.

მე მათ ავუხსენი, რომ საჩივარი შემოტანილი ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე უმაღლესი საარჩევნო კომისიის ზოგიერთ წევრს. კომისიამ განიხილა საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არც გასაჩივრებულა სასამართლოში.

საუბრის შემდეგი  თემა შეეხებოდა ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანების პარტიული სიიდან ანზორ თხილაიშვილის ამოღებას  (ამ დროს შემოუერთდა იგი შეხვედრას). მათი მხრიდან დაისვა კითხვები, თუ რატომ ამოვიღეთ პარტიული სიიდან თხილაიშვილი, რომელი კანონის საფუძველზე, რომელი მუხლის თანახმად, გვქონდა თუ არა თხილაიშვილის თანხმობა, გვქონდა თუ არა პარტიის წერილი, ვაცნობეთ თუ არა ამის შესახებ თხილაიშვილს, რომ ამით მე დავარღვიე კანონი და მომიწევს ამის თაობაზე პასუხისგება. აღნიშნულ პროცესს ჰქონდა ერთგვარი დაკითხვის ხასიათი, რაზედაც მე ვკითხე მურმან დუმბაძეს, რომ სასამართლო პროცესზე ხომ არა ვარ და თქვენ გამომძიებელი  ან პროკურორი ხომ არ ხართ, რომ ასეთი სახის დაკითხვას აწყობთ მეთქი, რაზეც მას მიპასუხა, რომ ის გამომძიებელიც არის პროკურორიც და მოსამართლეც, რომ იგი არ დაუშვებდა რომ, კომისიაში ემუშავა კალანდაძეს, რომ კომისიაში არ უნდა მუშაობდეს გარსევანიშვილი, რომელიც თბილისიდანაა დანიშნული მეთვალყურედ. მე მათ ვუთხარი რომ ანზორ თხილაიშვილის პარტიული სიიდან ამოღების თაობაზე იყო კანონის შესაბამისად გამოცემული განკარგულება და თუ ვინმეს მიაჩნდა, რომ ის არასწორად იყო გამოცემულ, უნდა გასაჩივრებულიყო სასამართლოში და ეხლა მათი მხრიდან ამ ტიპის საქმის გარჩევას არანაირი აზრი არ ჰქონდა. თუ ვინმეს პრეტენზია ჰქონდა მასთან დაკავშირებით უნდა მიემართა თავის დროზე სასამართლოსთვის. ამავე დროს მე ვკითხე ანზორ თხილაიშვილს, თუ მოუმართავს მას ჩვენთვის ოდესმე პრეტენზიით ან ზეპირად ან წერილობით, ან თუ გაუკეთებია ამდენი ხნის განმავლობაში რაიმე განცხადება რომ მას არასწორად მიაჩნდა მისი პარტიული სიიდან ამოღება, რაზეც მან უარყოფითად მიპასუხა. ამავე დროს მურმან დუმბაძე მიმართავდა თხილაიშვილს - შენ უსამართლოდ მოგექცნენ, მოგაყენეს ზიანი და შენ უნდა გამოითხოვო მასალები და ეს მასალები უნდა გაიგზავნოს პროკურატურაში, რაზეც თხილაიშვილი დაეთანხმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მას, პარტიული სიიდან მის ამოღებამდე ჰქონდა კონფლიქტი ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელთან ლევან ვეფხვაძესთან, რომელიც მისული იყო მასთან სახლში და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა.

აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ ავთანდილ ბერიძე, მედეა ვასაძე, ფუტკარაძე, ჩიტიშვილი, ძნელაძე.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ასევე კანონის მიღებას და მასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩვენს (ცესკო, უსკო) განცხადებებს.

ავთანდილ ბერიძემ მომმართა, რომ შენ ვერ წარმოგიდგენია რომ ჩვენ (იგულისხმება უმაღლესი საბჭო) შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება ცენტრიდან დიქტატის გარეშე, ივანიშვილის მითითებების გარეშე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ორგანო და რასაც საჭიროდ ჩავთვლით ისე გავაკეთებთ.

მურმან დუმბაძემ კატეგორიული ტონით მიმართა იქ მყოფ დეპუტატებს, რომ მიეღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და შეეწყვიტათ ჩვენთვის უფლებამოსილება, მიეღოთ ინიცირებული კანონი და რომ მას არ აინტერესებდა არანაირი ვენეციისა თუ სხვა კომისიების დასკვნები.

ჩემს კითხვაზე - არის თუ არა ეს მითითება და დიქტატი საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერისაგან, იმ დროს, როცა ავთანდილ ბერიძე აცხადებს რომ ისინი არიან დამოუკიდებლები - მურმან დუმბაძემ, უპასუხა რომ იგი არის პოლიტიკოსი და  აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს.

ბოლოს, როცა მე დავაყენე საკითხი, თუ რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას, რომ ამ საუბარს არანაირი შედეგი არ შეიძლება მოეტანა, მურმან დუმბაძემ მიპასუხა რომ ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილიყო რომ ეს საქმეები გაიგზავნებოდა პროკურატურაში და მე მომიწევდა პასუხისგება და რომ ციხეებში ეხლა თავისუფლდება საკმაო ადგილები.

ამ შეხვედრის შემდეგ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა კანონპროექტთან დაკავშირებით, სადაც დავით ბაციკაძემ გააკეთა განცხადება, რომ მე ეხლა არ უნდა ვიყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და რომ ჩემთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი დეპუტატი აპირებს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.

ამაწლის 14 იანვარს უსკოში შემოვიდა ანზორ თხილაიშვილის წერილი, რომლითაც ის ითხოვს, განვუმარტოთ თუ რატომ გაუქმდა მისი საარჩევნო რეგისტრაცია 2008 წელს და მივაწოდოთ მასთან დაკავშირებული მასალები.

რა თქმა უნდა ჩვენს მიერ აღნიშნული მასალები მიწოდებული იქნა ადრესატისათვის.

ზემოთაღნიშნული გარემოებები ჩემს მიერ რა თქმა უნდა აღწერილია მოკლედ, თუმცა ვფიქრობ იგი ნათლად ასახავს იმას, თუ რა იყო კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების მოტივაცია, აგრეთვე იმას თუ რას უკავშირდება 5 წლის შემდეგ ქართული ოცნების წევრების მიერ 2008 წლის არჩევნების დროინდელი საკითხების კვლევა ძიება.

ვფიქრობ ეს არის არასწორი, უშედეგო გზა და ამის შესახებ უნდა იცოდეს საზოგადოებამ.

ჩვენ მივესალმებით საარჩევნო კანონმდებლობის ყოველგვარ ცვლილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ პრინციპებზე, მის განხილვაში ჩართული იქნება ფართო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, შედეგის სახით კი მივიღებთ უკეთეს საარჩევნო გარემოს ვიდრე ის არის დღეს.

 

 

 

 

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016