

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია იწვევს 18 - 25 წლის ასაკის ახალგაზრდებს მონაწილეობის მისაღებად ესეების კონკურსში, თემაზე -„მე, არჩევნები და დემოკრატია“.
ესეს თემა: - „მე, არჩევნები და დემოკრატია“.
თემა უნდა განვითარდეს საქართველოში საარჩევნო პროცესებისა და არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობის ირგვლივ და ემყარებოდეს ავტორის პირად გამოცდილებასა და თვალსაზრისს.
სასურველია, ესეში მსჯელობა განვითარდეს შემდეგ საკითხებზე: არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიულ პროცესებში, ახალგაზრდების როლი საარჩევნო პროცესებში, აქტიური ახალგაზრდა ამომრჩეველი და მისი გავლენა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, ერთი ხმის მნიშვნელობა და შედეგი, როგორ შეიძლება წახალისდეს ახალგაზრდების მეტი ჩართულობა საარჩევნო პროცესებში, პასიური ახალგაზრდა ამომრჩევლის პოზიცია და არგუმენტები, თუ რატომ არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში და რა შემთხვევაში მიიღებდა მონაწილეობას და სხვა.
ესეში ასევე შესაძლებელია განხილულ იქნეს საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის თაობაზე არსებული საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა.
მონაწილეობის პრინციპი
• ასაკი - 18 -25 წელი.
• ესე უნდა დაიწეროს ქართულ ენაზე.
• მაქსიმალური მოცულობა - 1000 სიტყვა.
• ნამუშევრები მოწოდებული უნდა იყოს ელექტრონული ფოსტით, MS WORD ფორმატში, 12 pt ზომის (ნებისმიერი ფონტის შემთხვევაში) შავი ფონტით, სტრიქონებს შორის ორმაგი დაშორებით, დანომრილი გვერდებით.
გთხოვთ, თქვენი ესსე გამოგზავნოთ 2025 წლის 30 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sec.ge
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 514 050302.
დადგენილი ვადის შემდეგ მიღებული ნამუშევრები არ იქნება განხილული.
შეფასება და კრიტერიუმები
ნამუშევრები შეფასდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თანამშრომლების და მოწვეული კომისიის წევრებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ.
შეფასებისკრიტერიუმები:
• კონკურსის მიზანთან და პირობებთან შესაბამისობა.
• ორიგინალური აზროვნება/მსჯელობა და შერჩეული თემის შესახებ ინფორმაციის ფართო და კომპლექსური ცოდნის დემონსტრირება.
• ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა: შერჩეულ თემასთან მიმართებაში სისტემურად, ლოგიკურად გაანალიზების, შეფასებისა და დასკვნების გამოტანის უნარი.
ჯილდოები
სამი საუკეთესო ესეს ავტორი დაჯილდოვდება:
I ადგილი: ნოუთბუქი
II ადგილი: პლანშეტი
III ადგილი: სმარტ საათი
საუკეთესო ნაშრომების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ ესეების კონკურსის -„მე, არჩევნები და დემოკრატია“ შემაჯამებელ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება სამი გამარჯვებული ავტორის დაჯილდოების ცერემონია.
საავტორო უფლება
თქვენი ესეს მოწოდების შემდეგ, ექსკლუზიური უფლება გვენიჭება, რომ გამოვცეთ და/ან გავავრცელოთ თქვენი ტექსტი ელექტრონულ ფორმატში, ნაბეჭდი ან ნებისმიერ სხვა სახით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი სახელი ტექსტში ყოველთვის გარკვევით იყოს მითითებული და ვიტოვებთ ნაშრომში აუცილებელი სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლებას.