აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

31 ოქტომბერი არჩევნების დღეა
31 ოქტომბერი 2020

დღეს საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. რეგიონის ამომრჩეველი უმაღლესი საბჭოს 21 წევრს აირჩევს, 18 - პროპორციული სისტემით, ხოლო 3 - მაჟორიტარული სისტემით.
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ, უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ყველა საარჩევნო უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა, ჩატარდა წილისყრის პროცედურები და 8 საათიდან დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა. გახსნილია 373 საარჩევნო უბანი, მათ შორის ერთი სპეც.უბანი - სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 24 საარჩევნო უბანი აჭარის სამი მაჟორიტარული ოლქისათვის. ეს 24 სპეცუბანი მოემსახურება 4044 ამომრჩეველს 70 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის მასშტაბით შეადგენს 314 889 ამომრჩეველს.
აღნიშნულ სპეცუბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო გადასატანი ყუთების საშუალებით. ამ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფების მიერ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებს 22 პოლიტიკური სუბიექტი (21 პარტია და 1 საარჩევნო ბლოკი) და 46 მაჟორიტარობის კანდიდატი. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს 4 სხვადასხვა ფერის ბიულეტენი დახვდება - ცისფერი და ვარდისფერი - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისათვის, მწვანე და ყვითელი - უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისათვის. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლისათვის ხელმისაწვდომი და საჯაროა ბიულეტენის შევსების წესი.
მიუხედავად პანდემიისა, კენჭისყრის პროცესი უსაფრთოა. კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება. უბნები აღჭურვილია დეზობარიერებით, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარებით, პირბადეებით, ფარებით, ინდივიდუალურად გამოსაყენებელი კალმისტრებით, სპეციალური ხელთათმანებით. ყველა უბანზე განთავსებულია ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
ამომრჩეველი უბანზე დაიშვება პირადობის მოწმობით ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში. ასევე, მას უნდა ეკეთოს პირბადე. პირბადის არქონის შემთხვევაში კომისია უზრუნველყოფს ამომრჩეველს პირბადით. კენჭისყრის შენობაში შესვლისას ამომრჩეველი გაივლის დეზობარიერს, და შემდგომ უკვე დაიმუშავებს ხელებს სპეციალური ხსნარით. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს ორჯერ მოუწევს პირბადის მოხსნა - ნაკადის მომწესრიგებელთან და რეგისტრატორთან, რათა მოხდეს მისი იდენტიფიცირება. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე საარჩევნო ბიულეტენი არ გაიცემა. ამომრჩეველს მიეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალამი, რომლითაც ხელს აწერს სამაგიდო სიაში და იგივე კალამს იყენებს კაბინაში ხმის მისაცემად, რის შემდეგაც უბანზე განთავსებულ დახურულ კონტეინერში ათავსებს მას და ტოვებს უბანს.
საღამოს 20 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაუყოვნებლივ მიეწოდება უსკოს და მიღებისთანავე აიტვირთება უსკოს ვებ-გვერდზე.
ნებისმიერი სახის ინფორმაციას ამომრჩეველი მიიღებს უსკოს ცხელი ხაზის საშუალებით, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. (08 00 00 00 10)
მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება ასევე რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგი და მოგაწოდებთ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016