აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკომ საიას საჩივარზე იმსჯელა
09 აგვისტო 2016

  უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი არსებითად განუხილველი დატოვა. უსკოს წევრებმა საიას საჩივარზე დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბათუმის N-79-ე ოლქის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას,  უსკოში მათ მიერ 1 აგვისტოს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში  შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2016 წლის 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-ჩანაწერის ჩვენებას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად წინასაარჩევნო აგიტაციის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უსკოს 1 აგვისტოს მიმართა განცხადებით და ადმინისტრაციული წარმოების დაწყება მოითხოვა.

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ განცხადება განსახილველად ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა. ოლქის გადაწყვეტილებით საიას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია პირზე, თუ ის არ იმყოფება საქართველოში.

რაც შეეხება უსკოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს - უმაღლესი საარჩევნო კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს შესაბამისი საჩივარი, რადგანაც კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი სუბიექტთა  წრე, ვინც უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ამ სახის სამართალდარღვევებზე. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები.

აქედან გამომდინარე, უსკომ საჩივარი დატოვა  განუხილველი. უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, 1 დღის ვადაში, შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში. 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016