აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საიას განცხადებას უსკო ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიას გადაუგზავნის
04 აგვისტო 2016

  წინასაარჩევნო აგიტაციაში, უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, შესაბამისი სანქციის გამოყენების თაობაზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” უმაღლეს საარჩევნო კომისიას განცხადებით 1 აგვისტოს მიმართა. განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 31 ივლისს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქ ბათუმში ამომრჩევლებთან გამართა საჯარო შეხვედრა, სადაც 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამომრჩევლებს წარუდგინა მაჟორიტარობის კანდიდატები. ამავე შეხვედრაზე გავრცელდა უკრაინის (უცხო ქვეყნის) მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვა, რომელიც შეიცავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მხარდაჭერის მოწოდებას.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევას და ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ცესკოს თავმჯდომარე, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი (თანამდებობის პირები).

აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების უფლებამოსილება აქვს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის (თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.) შესაბამისად განცხადება და მასზე თანდართული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიას.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016