

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ორგანიზებით 18–20 სექტემბერს, მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მოწვევით ღონისძიებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარე პაატა კეშელავა და წევრი ციალა შავაძე მონაწილეობდნენ.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესებში მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სწორედ მედიაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის და შესაბამისად, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ 3 ოქტომბერს ოთხ მუნიციპალიტეტში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის მზადების მდგომარეობა მიმოიხილა.
საარჩევნო პროცესის გაშუქებისას მედიის როლსა და უფლებებზე ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ისაუბრა. მან მონაწილეებს გააცნო შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და სიახლეები, ხოლო ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა შედარებით ჭრილში მიმოიხილა.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მასზე რეაგირების საკითხებს დაეთმო. ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მონაწილეებს დეზინფორმაციის რეესტრის ვებგვერდი წარუდგინა და პლატფორმის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებზე ისაუბრა. პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, რეესტრში განთავსებულ ინფორმაციას დინამიკაში გაეცნოს და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა თემების, წლებისა თუ არჩევნების მიხედვით გაფილტროს.
აღნიშნულ კონტექსტში დეზინფორმაციის რეესტრი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და სისტემატიზებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს. იგი მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასა თუ მცდარ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველწყაროდან მიიღონ სანდო, ზუსტი და ფაქტებზე დამყარებული ინფორმაცია.
ამავე თემაზე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავრცელების აქტუალური გამოწვევები მიმოიხილა და მონაწილეებს პრაქტიკული მაგალითები გააცნო.მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ მცდარი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებაზე, მის შესაძლო გავლენაზე საზოგადოებრივ აღქმებსა და ნდობაზე, აგრეთვე დროული და ფაქტებზე დაფუძნებული რეაგირების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის მეორე დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ჟურნალი „არჩევნები 360°“ წარუდგინა. აღნიშნული გამოცემა მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. ჟურნალი უკვე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და უახლოეს მომავალში გამოიცემა.
პროგრამით გათვალისწინებული საკითხების განხილვა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატშიც მიმდინარეობდა. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.
ღონისძიებაში უსკოს წარმომადგენელთა მონაწილეობა ცესკოსა და უსკოს შორის არსებული მჭიდრო ინსტიტუციური თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულებაა. აღნიშნული თანამშრომლობა ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა რგოლს შორის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, კოორდინირებული მიდგომების განვითარებასა და საერთო ინსტიტუციური მიზნების ეფექტიან განხორციელებას.